28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატები ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში წარადგინა

რაიონებს, სადაც "ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატები უკვე წარდგენილი ჰყავს, დღეს ბაღდათი, თერჯოლა და ტყიბული დაემატა. წინასაარჩევნო შეხვედრები იმერეთში მესამე დღეა გრძელდება. სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკა, ტურიზმი და ინფრასტრუქტურული პროექტები - სწორედ ამ მიმართულებების განვითარებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"საქნახშირი" ერთ-ერთი ლოკაცია იყო, სადაც პრემიერმა შეხვედრა მეშახტეებთან გამართა. მთავრობის მეთაურმა საწარმოში მიმდინარე ცვლილებები განიხილა, ყურადღება გაამახვილა გერმანელი სპეციალისტების მიერ შახტების ტექნიკური მდგომარეობის კვლევის შემდეგ მის ტექნიკურ გადაიარაღებასა და შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებაზე. პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დავალებები ადგილზევე მისცა.

ტყიბულის და ზოგადად რეგიონების ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავას თქმით, ადგილობრივთან ერთად ცენტრალურმა ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს, რომ რეგიონებში ტურისტული მიზიდულობის ხელშეწყობა მოხდეს.

მერობის კანდიდატების გარდა დღესვე სამივე მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს ის გუნდიც წარუდგინეს, რომლებიც საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებენ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს წარსულის გახსენების გარეშე არ ჩაუვლია. მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რატომ უნდა გამოუცხადონ მის პარტიას ნდობა.

პრემიერი დღესვე ქუთაისში იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის სტუმრობის მიზანი კოვიდბარათის აღება იყო.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმერეთში წარდგენები ხვალაც გაგრძელდება, დღევანდელი დღე კი სერგო და დავით კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში სტუმრობით დასრულდა.

დღის ამბები