28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
პარლამენტის დატოვებისა და არჩევნების ბოიკოტირებისგან, პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, თავს ვიკავებ - დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეიყვანა ქვეყანა უაღრესად საშიშ ბეწვის ხიდზე, საიდანაც, მისი თქმით, "ყველა ერთად შეიძლება უფსკრულში გადავიჩეხოთ".

"მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 19 აპრილის შეთანხმებამ შექმნა შესაძლებლობა, დასრულებულიყო კრიზისი, ქვეყანა გამოსულიყო უმწვავესი დაპირისპირების ფაზიდან, ამუშავებულიყო პარლამენტი და ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებული რეფორმების და ნაბიჯების გზით წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, დღეს "ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა ოფიციალურად დაასრულა - ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე.

არანაკლებ საგანგაშოა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს  ჩვენი ურთიერთობა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან. ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და გარდაუვლად მიაქანებს საქართველოს რუსეთისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი სცენარია. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარესაც მარტო დარჩენილი მმართველი გუნდი და რუსული მომავლის საფრთხეა, ხოლო მეორე მხარეს ერთად უნდა ვიდგეთ ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თითოეული ჩვენგანის ვალია, არ დავუშვათ ჩვენს მეგობრებთან დაპირისპირების და დასავლური კურსიდან გადახვევის შესაძლებლობა.

შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან მოქმედება გაასმაგებული პასუხისმგებლობით და გონიერებით. რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება. მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციური ერთიანობა; აუცილებელია სრული თანხმობა ევროპელებთან და ამერიკელებთან, რათა მათ დაინახონ, რომ არასანდო და არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჰყავს სანდო და  პროდასავლური ოპოზიცია. ამიტომ, უმოკლეს ვადებში მექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობებ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე,"- აცხადებს დავით ბაქრაძე..

დღის ამბები