28 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
"მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ" - რა პირობას აყენებს "ქართული ოცნება"

რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები - "ქართული ოცნება" პირობას აყენებს. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად.

"მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი, კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მმართველობის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზინებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა როგორც იტყვიან ზოგი ჭირი მარგებელია.

19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს. წინ გველის ძალიან საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება.

მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას. მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს მათთვის ის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები