28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა - ოპოზიცია დოკუმენტს გაყალბებული არჩევნების გამართლების მცდელობას უწოდებს

ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის დასკვნის არ სჯერა - მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისია, რომელშიც მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია იყო წარმოდგენილი თავის შეფასებაში მიკერძოებული და არაობიექტური იყო. საკუთარ პრეტენზიებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს მხოლოდ მედიასთან გამოთქვამდნენ, თუმცა სამი თვის განმავლობაში მათ შორის დასკვნის საბოლოო მოსმენისას მათ საპარლამენტო ტრიბუნა შენიშვნების მისაცემად არ გამოუყენებიათ. თავად ეს იმით ახსნეს, რომ არ სურდათ კომისიისთვის ლეგიტიმურობა მიენიჭებინათ.

არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ სამთვიანი მუშაობის შედეგად რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა, მათ შორის დისბალანსის მქონე 19 უბანიც, თუმცა როგორც კომისია ამტკიცებს არსებულ ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

შემუშავებულ დასკვნას გაყალბებული არჩევნების გამართლების მცდელობას უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, კომისიის დასკვნის მოსმენაზე დასწრებაც კი ამ კომისიის რაღაც ფორმით აღიარება და ამ გამართლების მცდელობაში მონაწილეობა იქნებოდა, ამიტომ ოპოზიციამ იგნორირების პოლიტიკა აირჩია.

"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით. ეს კომისია არ იყო ობიექტური, შესაბამისად მას მისი დასკვნის მოსმენის სურვილი არ ჰქონია.

არჩევნების საპარლამენტო გამოძიების შედეგი უნდობლობას იწვევს იმ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც, რომელიც მმართველმა გუნდმა სიცრუესა და პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დასკვნის საფუძველზე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. საუბარია "სამართლიანი არჩევნებზე", რომელიც კომისიის ფარგლებში გამოიკითხა და რომელიც პარალელური ხმის დათვლის შედეგებით საარჩევნო უბნებზე არსებული 8% დისბალანსზე საუბრობდა მოგვიანებით კი შიდა აუდიტით გაირკვა, რომ მონაცემები ცესკოს შედეგს დაემთხვა. ფაქტს, რომელსაც ორგანიზაცია დღესაც ადამიანურ შეცდომად აფასებს, საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო. მიენიჭა პოლიტიკური კვალიფიკაციაც. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა ბრალდება სპეკულაცია იყო:

"დასკვნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პრევენცია, არ უნდა განმეორდეს, რაც 2020 წლის არჩევნებზე ხდებოდა, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ოპოზიციას ჰქონდა სიცრუეზე აგებული კამპანია, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. სიცრუე სიყალბე იყო PVT, 8%-იანი ზედმეტობა, უამრავი ცრუ ბრალდება, თითქოს შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და ა.შ. კეთილი ინებონ და თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით გვითხრან, რა არის ამ დასკვნაში არასწორი. მზად ვართ, თითოეულ ამ საკითხზე ოპოზიციასთან დეტალურ დებატებში შევიდეთ, რასაც ისინი გაურბოდნენ ნოემბრიდან, გაურბიან დღეს და ალბათ, გაექცევიან ხვალაც ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და მათ ვერც ერთ პუნქტზე პასუხი ვერ ექნებათ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია იღებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დასკვნაში ყველაფერი სიმართლეა, ოპოზიციას კი თავისი განცხადებების დამადასტურებელი არანაირი არგუმენტი არ აქვს.

დღის ამბები