პოლიციამ 2 კილოგრამამდე "კოკაინი" ამოიღო. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.
უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" აღმოაჩინეს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.