28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
საბედნიეროდ, ნიკა მელიას ირგვლივ ჯერ არ მომხდარა ფართო ოპოზიციური გაერთიანება და ეს კარგია - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ირგვლივ გაერთიანებისგან თავს იკავებს.

"სტრატეგია აღმაშენებელი" კვლევის შედეგებს ელოდება და შემდეგ ამცნობს საზოგადოებას, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერის პოზიციაზე. 

"თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ვეტყვით საზოგადოებას, დავასახელებთ თუ არა კანდიდატს. თქვენ იცით, რომ თბილისში ოპოზიციამ 60% მიიღო, აქედან 37% იყო ოპოზიცია, რომელსაც არ მოსწონდა არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ქართული ოცნების" კანდიდატი.

თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, ამ 37%-ს უნდა ჰქონდეს არჩევანი,"-განაცხადა პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

"გირჩში" ღიად აცხადებენ, რომ მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას უწერენ მხარს და უმჯობესად მიაჩნიათ, ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ. 

"საბედნიეროდ, ნიკა მელიას ირგვლივ ჯერ არ მომხდარა ფართო ოპოზიციური გაერთიანება და ეს კარგია, რადგან ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ერთიანი კანდიდატი იქნებოდა სწორი არჩევანი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და მხარს დავუჭერთ მრავალფეროვნებას და იმედია, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ გაერთიანდნენ, აირჩევენ დამოუკიდებელ გზას და თავიანთ კანდიდატებს დააყენებენ,"- აცხადებს პარტიის წევრი ალექსასანდრე რაქვიაშვილი. 

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათი პარტიის საბოლოო პოზიცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

"ჩვენ ახლა გავდივართ კონსულტაციის ამ ძალიან მნიშვნელოვან ფაზას და 2-3 დღეში საზოგადოებას შევატყობინებთ ამის თაობაზე. ხაზს ვუსვამ - რომელ კონფიგურაციასაც არ უნდა დავუჭიროთ მხარი, ეს ხალხს შეუშლის ოპოზიციის საერთო მიზანს, პირიქით - ხელს შეუწყობს ამ მიზნის განხორციელებას,"-აცხადებს გეგელია. 

დღის ამბები