28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა სცილდება საჯარო მოხელეთა თმენის ვალდებულებას - ომბუდსმენი პრემიერის შვილების შესახებ გავრცელებულ კადრებზე

სახალხო დამცველი პრემიერის არასრულწლოვანი შვილების შესახებ გავრცელებული კადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს "TV პირველის"  გადამღები ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილის შვილებისგან ინტერვიუს აღებას. 

ნინო ლომჯარია ცალსახად ემიჯნება ფაქტს და მოუწოდებს მედია საშუალებების წარმომადგენლებს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

"რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების, თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.

დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით," - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები