28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სექსუალური ხასიათის ქმედება მოსწავლის მიმართ - გოგონა ირწმუნება, რომ ისტორიის 64 წლის მასწავლებელი მას ნების საწინააღმდეგოდ ეფერებოდა

გურიაში 18 წლის გოგონა საკუთარ პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 64 წლის, ისტორიის მასწავლებელია. აბიტურიენტი გოგონა, რომელსაც ბრალდებული ისტორიაში ამზადებდა, იქამდე კი იმავე საგანს სკოლაში ასწავლიდა, ირწმუნება, რომ მამაკაცი ერთ-ერთი სკოლის კაბინეტში მისი ნების საწინააღმდეგოდ ეფერებოდა.

დანაშაულის ჩადენის დროს პედაგოგი სავარაუდოდ ფხიზელი არ იყო. გოგონამ მასწავლებლის მხრიდან შევიწროებაზე ჯერ დედას, შემდეგ კი სკოლის პედაგოგს აცნობა.

გამოძიების დაწყებიდან მალევე მამაკაცი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების შესასწავლად სკოლიდან, სავარაუდოდ, უკვე ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები. 

მოსწავლესთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით დაკავებული მასწავლებლის ადვოკატი ბრალდებას ჭორებს უწოდებს და პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ბრალის წარდგენიდან 48 საათში მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. 18 წლის გოგონას მონაყოლის საფუძველზე, თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და მძიმე დანაშაულად მიიჩნევა, თუმცა დაკავებულს ბრალი 150-ე იძულების მუხლით წარუდგინეს, რაც სასჯელის ზომად ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები