ზეწოლა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა - დმანისის მოქმედ მერს თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ქალაქის მერად "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, ერთი წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისთვის პარტიიდან გარიცხეს.
დმანისის მერიის თანამშრომლების თქმით, მმართველი გუნდიდან წამოსვლის შემდეგ ტატუაშვილი მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების შევიწროებას მუდმივად ცდილობს. საკუთარ თანამშრომელს გიორგი ტატუაშვილი გუშინაც დაუპირისპირდა - ავთანდილ ოკმელაშვილის ინფორმაციით, დმანისის მოქმედმა მერმა მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მერმა ავთანდილ ოკმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. "კურიერის" ინფორმაციით, გათავისუფლებულია კიდევ ერთი თანამშრომელი.
"ვარჩევდით მიწის რეფორმის საკითხს, ახალი კანონი მოგვაწოდა იუსტიციის სამინისტრომ. ამ დროს შემოვიდა ზარი, ბატონი გიორგი მირეკავდა - დაიწყო ყვირილი, ვინც ჩემს წინააღმდეგ წავა, მე იმის დედას მო......ო. მე ვუთხარი, რატომ კადრულობთ ასეთ სიტყვებს, მაინც გაიმეორა. მე არ ვმალავ - მერე მეც დავიწყე ყვირილი,"- უყვება "კურიერს" ავთანდილ ოკმელაშვილი.
მერიის წარმომადგენლის, პაატა ყულიაშვილის განცხადებით, მერი "ქართული ოცნების" მხარდამჭერ თანამშრომლებს ავიწროებს.
"მას შემდეგ, რაც გაიგო ამ ადამიანმა, რომ მერიის რამდენიმე თანამშრომელი უჭერდა მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს, ეს ადამიანები აითვალწუნა და ამ ერთი წლის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე გრძელდება ამ ადამიანების შევიწროება,"-აცხადებს ყულიაშვილი.
თავად დმანისის მერი თანამშრომელთა ბრალდებებს უარყოფს.
"მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არავისთვის რა მიმიყენებია. თუ ასე ფიქრობს ვინმე და ასეთ განცხადებას აკეთებს, შეუძლია მტკიცებულება წარმოადგინოს. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას - საგამოძიებო ორგანოებთან გადაიგზავნება მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, და თუ დანაშაულის ნიშნები იქნება, ალბათ, ისინი გააკეთებენ შესაბამის განცხადებებს,"-აცხადებს მერი.