28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ანგრევენ თუ არა ხელოვნების მუზეუმს - კულტურის სამინისტროს განმარტება

კულტურის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა იგეგმება.

უწყებაში განმარტავენ, რომ შენობის დემონტაჟს არ აპირებენ, თუმცა უმძიმესი მდგომარეობის გამო მასში მუშაობა და ექსპონატების დაცვა არ შეიძლება, ამიტომ თანამშრომლებს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ.

კულტურის სამინისტრო ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

"სამინისტრო აცხადებს, სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ. კერძოდ, სწორედ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხის მესვეურებს და სოციალურ ქსელებში გამოთქმული ყალბი აღშფოთების ავტორებს, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ებარათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობა, არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ მუზეუმის შენობა (ისევე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ბევრი სხვა ძეგლი) გადაერჩინათ.

სიცრუისა და ყალბი აღშფოთების ავტორებს შეუძლიათ იხილონ ამ განცხადებაზე დართული ფოტომასალა, რომელიც მათი და მათ ზურგს ამოფარებული პირების უმოქმედობის შედეგად შალვა ამირანაშვილის მუზეუმში არსებულ ვითარებას ასახავს.

ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან, ხოლო საზოგადოებას მიმართავს, ნუ აჰყვება ცილისწამებას იმ ადამიანების მხრიდან, ვისი დამსახურებითაც არის მუზეუმის შენობა ასეთ მძიმე მდგომარეობაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები