28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, გიორგი მათკენ გაიქცა, დირექტორმა კი კარი მოუხურა - აღსაზრდელი საბავშო ბაღში დაუნის სინდრომის გამო არ მიიღეს

სტერეოტიპული მიდგომები, სტიგმა და დისკრიმინაცია - ეს ის საკითხებია, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანები და მათი მშობლები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაწესებულებებში აწყდებიან.

გადაცემაში "ექიმები" დაუნის სინდრომის მქონე 5 წლის გიორგის დედა თათია ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში მომხდარ დისკრიმინაციულ შემთხვევას იხსენებს. თათია ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა 5 წლის გიორგის მიღებაზე უარი სწორედ მისი მდგომარეობის გამო განაცხადა.

"ეს შემთხვევა იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ძალიან გავბრაზდი. დაინახა, თუ არა ბაღის დირექტორმა გიორგი და მიხვდა, რომ დაუნის სინდრომი ჰქონდა, პირდაპირ მითხრა უარი - არ მივიღებთ მისი მდგომარეობის გამოო.

(გიორგი სამი წელია უკვე ისედაც დადის ბაღში და არანაირი პრობლემა არ აქვს. თვითონ ჭამს, ყველაფერს თვითონ აკეთებს, ძალიან დამოუკიდებელია.) მე წინა დღეს ვესაუბრე ამ ადამიანს და მითხრა, რომ ადგილი გვაქვს და კი ბატონო, სიამოვნებით მივიღებთ. მეორე დღეს მივედით იმიტომ, რომ მაინც ენახა გიორგი, რადგან მისი სინდრომი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო. როცა მივედით ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, შიგნით შენობაში არც შევსულვართ. გიორგი რომ დაინახა ბავშვები ბედნიერი გაიქცა, დირექტორმა კი გააჩერა და კარი, შიგნით შესვლა არ შეიძლება, ჯერ არ დასრულებულა გაკვეთილიო. მე გავაცანი - ეს არის გიორგი, რომელიც თქვენთან უნდა მოვიდეს, ამ დროს შემომხედა, ოღონდ სახე უკვე შეეცვალა და მითხრა, მე მას ვერ მივიღებო, იმიტომ, რომ არ მყავს სპეციალური სამედიცინო პერსონალიო.

ეს ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ისიც არ იცოდა სპეცპედაგოგი სჭირდება, თუ რა... მე ვუთხარი, რომ არ სჭირდებოდა, რადგან გიორგი არც ავადმყოფია, არც დაავადებული... ნუ არა, ვერ მივიღებო. მაშინვე ვუთხარი, - როგორც ვხვდები დისკრიმინაციული ნიშნით არ ღებულობთ ჩემს შვილს-თქო, გაჩუმდა...

დაუნის სინდრომი დაავადება არაა, ეს მდგომარეობაა," - განაცხადა 5 წლის გიორგის დედამ. თათიას თქმით, პატარა გიორგი უკვე სამი წელია სხვა (საჯარო) ბაღში დადის.

დაუნის სინდრომსა და ამ სინდრომის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაუნის სინდრომი დაავადება არ არის და ის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

დღის ამბები