28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
მარნეულში მოკლული მამა-შვილის ახლობლები ყოფილი სიძის სახლში შეიჭრნენ- მათ მკვლელობაში ბრალდებულის მამას ნიჩბით სცემეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მომხდარ  დანაშაულს გაგრძელება მოჰყვა. პილიევების ოჯახში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რა დროსაც ყოფილმა სიძემ ელჩინ ალიევმა ცოლი და სიმამრი სიცოცხლეს გამოასალმა, მის ოჯახს  პილიევების ოჯახის ახლობლები დაესხნენ თავს.  პილიევებმა ელჩინ ალიევის მამას ნიჩბით მძიმე დაზიანებები მიაყენეს და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები დაამტვრიეს.

მკვლელობაში ბრალდებულის დედა საია ალიევა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სერიოზულ კონფლიქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ყოფილი რძლის ახლობლები მის სახლში მივიდნენ და მის ქმარს სცემეს:

"შემთხვევას არ შევსწრებივარ, არც ჩემი შვილი მინახავს... 12 საათზე ღამე ხმაური გავიგეთ, ჩემი ყოფილი რძლის ოჯახის ნათესავები ჩვენთან შემოვიდნენ, სცემეს ჩემს მეუღლეს, ამ დროს შევიტყვე მომხდარის შესახებ. 3 თვეა ჩემი შვილი მეუღლეს გაშორდა, რაიმე სერიოზულ კონფლიქტს მათ შორის ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დროს ბავშვები ჩემთან იყვნენ. არ ვიცი ზუსტად რა მოხდა," - აცხადებს საია ალიევა.

შსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, უწყების ინფორმაციით დაკავებულია 2 პირი:

"პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 1970 წელს დაბადებული ტ. პ. და 1994 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები