ძლიერმა წვიმამ ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია, მოსახლეობა იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გზები და სადგურები დატბორილია. ჰენანის პროვინციაში 10 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს.
ქალაქ ჩენჟოუში, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. ათობით ქალაქში ცენტრალური გზები წყალმა დაფარა, გაუქმდა ფრენები.
ჰენანის პროვინციაში, სადაც 94 მლნ ადამიანი ცხოვრობს, უამინდობის გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც ჩანს წყალში ჩაძირული ქუჩები, მანქანები მდინარეების სწრაფ ნაკადს მიაქვს. არსებობს საშიშროება, რომ დამბა ჩამოიშალოს.
"ტვიტერზე" ვრცელდება ჩენჟოუს მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხალხი მატარებლის ვაგონებში დგას და წყალი მხრებამდე წვდება. მაშველებს ხალხი თოკების საშუალებით ამოჰყავთ, მგზავრების ნაწილი კი ვაგონებში სკამებზე დგას, რომ წყალმა მთლიანად არ დაფაროს.
"წყალმა მკერდამდე მოაღწია, მეტის თქმა აღარ შემიძლია.." - დაწერა ჩინურ სოციალურ ქსელ "ვეიბოზე" ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
ჩენჟოუში ბოლო სამი დღის განმავლობაში იმ რაოდენობის ნალექი მოვიდა, რაც, როგორც წესი, ქალაქში 1 წლის განმავლობაში მოდის ხოლმე. თავსხმა წვიმას აქ სინოპტიკოსები მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ ვარაუდობენ.