28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ამბიციური რეფორმა მაძლევს იმისი თქმის საფუძველს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეიდან "ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს - კახა კუჭავა დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. 

"ვსაუბრობთ რა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არ შეიძლება არ აღვნიშნო  პარლამენტის მიერ განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საარჩევნო კოდექსი და ეს ცვლილება საერთო კონსესუსის ფონზე განხორციელდა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებებს აძლევენ. სწორედ ეს, მე ვიტყოდი, ამბიციური რეფორმა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება. არჩევნებზე დამკვირვებლებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამაში თავად დარწმუნებიან

რაც შეეხება თბილისს - ყველა ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი თანდათან ხდება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს  დიდი ყურადღება ენიჭება გარემოს, გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამწვანებას. ასევე, იქმნება ახალი რეკრეაციული ზონები, რაც ცხადია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მე გამოვყოფდი ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას. 

გარდა იმისა, რომ ვხედავთ წარმატებებს, ასევე არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის წინაშე და ამ გამოწვევების დასაძლევად ყველამ ერთად, რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, ამ გამოწვევების დასაძლევად მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება ერთადერთი სწორი არჩევანია. 

მე ხშირად ვამბობ და განვმეორდები, რომ ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო, რომლის ისტორიული არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ.

მინდა დასასრულს, წარმატება და გამარჯვება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ," - განაცხადა კახა კუჭავამ. 

დღის ამბები