28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ქალაქების განვითარება და ინფრასტრუქტურული წინსვლა უნდა გაგრძელდეს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია რომ გარემო იყოს ეკოლოგიურად სუფთა ამასთან კობახიძემ დაანონსა, რომ "ქართული ოცნება" მომავალი ორი თვის მანძილზე საზოგადოებას გეგმებს გააცნობს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ქალაქებისა და რეგიონების განვითარება; როგორ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება ქალაქებსა და სოფლებში; როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალაქგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო; როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა; როგორ უნდა გაფართოვდეს მუნიციპალური სოციალური სერვისები.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით.
ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც.

დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი.

გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე; ღირსება - უპრინციპობაზე; ერთგულება - ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი - ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე - სიბნელეზე; დასავლეთი - ჩრდილოეთზე. 

ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება.

მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება - საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას,"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები