28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია შეზღუდვების ხელახლა შემოტანა - ირაკლი ღარიბაშვილი გართულებულ კოვიდვითარებაზე

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, თუ ქვეყანამ კოვიდვითარების შესაბამისი მართვა ვერ შეძლო, პროგრესი, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა წყალში ჩაიყრება, პრემიერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა კი დაკეტვას ვეღარ გაუძლებს.

"ჩვენ რამდენიმე თვის წინ როდესაც გადავწყვიტეთ შეზღუდვების მოხსნა, მაშინ ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, და ახლაც ვიხელმძღვანელებთ ხალხის ინტერესებიდან,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და  ამის მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, გახსნილი ეკონომიკა და ტურიზმი მოიყვანა.

"მინდა ჩვენ ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა.  მოვხსენით ნიღბის ტარება ქუჩაში, იმიტომ რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში. ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ სურს ადამიანს შეიძლება ატაროს ქუჩაშიც. დახურულ სივრცეებში ეს არის სავალდებულო," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რესურსია და მოქალაქეებს მოუწოდა ვაქცინაციისკენ და ხაზი გაუსვა იმას, რომ აცრილ ადამიანებში შემცირებულია ინფიცირების შანსი და თითქმის განულებულია სიკვდილიანობა.

"ვაქცინები პრობლემა იყო და შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, შეგახსენებთ, რომ 1 მლნ ვაქცინა 2 კვირის წინ ჩამოვიდა, "ფაიზერის" 1 მლნ დოზის შემოტანა დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას შემოვა, ასევე დაგეგმილია უახლოეს პერიოდში აშშ-ის მთავრობიდან საჩუქარის მიღება; გარდა ამისა, გუშინწინ დამატებით ჩინური ვაქცინა "სინოვაკი" შემოვიდა ანუ 1.5 მლნ დოზა ადგილზე გვაქვს. ამასთან, რაც ყველაზე მთავარი არგუმენტია ჩვენი მოქალაქეებისთვის - აცრილებში დაინფიცირების რაოდენობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია ანუ აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ამიტომ ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის, ოჯახის წევრების და შვილების.

გუშინ ჩავატარეთ 11 ათასი აცრა, რაც არაა საკმარისი, თუ არ ავედით 20-30 ათასამდე პროცესის მართვა ძალიან გაგვიჭირდება, 

ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მინდა ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო. ამას რა თქმა უნდა დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება დამატებით ვალის აღება და დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, ამიტომ მინდა მოვუწოდო, გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ და 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ესაა ჩვენი ამოცანა." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები