28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
საიდუმლო კუნძული, სადაც მოგზაურობა სასტიკად აკრძალულია

ჩრდილოეთ სენტინელი - ეს არის ფაქტობრივად საიდუმლო კუნძული, სადაც ნებისმიერი სახის ვიზიტი აკრძალულია. 

კუნძულზე მხოლოდ ადგილობრივი ტომი ცხოვრობს. აქ მოსახლეობის რაოდენობა 40-დან 400-მდე ადამიანს მოიცავს, მონაცემები დაზუსტებით ცნობილი არაა, რადგან პირველყოფილი ტომების აგრესია მეცნიერებსა და მკვლევარებს საშუალებას არ აძლევთ დასახლების ზუსტი აღწერა ჩაატარონ.

სენტინელი 1300 კილომეტრითაა დაშორებული ინდოეთს და 300 კილომეტრით ემიჯნება მაინმარს. შეიძლება სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კუნძულის მაცხოვრებლებს თითქმის არანაირი შეხება არ ჰქონიათ გარე სამყაროსთან მეცხრამეტე საუკუნის მიწურულამდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ კუნძულს სულ რაღაც 50 კილომეტრი აშორებს პორტ ბლეირამდე, რომელიც ინდოეთის სახელმწიფოს ეკუთვნის სანტინელთან ერთად, მაგრამ ინდოეთის არსებობის შესახებაც კი უცნობია სენტინელებისთვის.

კუნძულის მოსახლეობა თავს ნადირობით ირჩენს, თევზაობითა და შემგროვებლობით. ისინი თითქმის პალეოლითის ხანაში არიან. აგრეთვე ირკვევა, რომ სენტინელებმა ისიც არ იციან, თუ როგორ უნდა გააჩაღონ და მართონ ცეცხლი.

პირველი კონტაქტი ტომსა და ინდოელ მოსახლეობას შორის 1867 წელს შედგა, როდესაც ინდოელთა გემი შტორმში განადგურდა, გადარჩენილებმა კი კუნძულზე თავის შეფარება გადაწყვიტეს. სენტინელები ეკიპაჟის წევრებს ძალიან აგრესიულად დახვდნენ, მოგვიანებით მათ ჩაკეტილი კუნძულიდან თავის დაღწევა შეძლეს.

მეორე კონტაქტი 1970 წელს შედგა, როდესაც ინდოეთის მთავრობამ იქ ანთროპოლოგების ჯგუფი გაგზავნა, თუმცა მკვლევარებმა პირველყოფილი ტომის წევრებთან პროდუქტიული კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს.

ნამდვილ ბრძოლად იქცა 1974 წლის ნაციონალური გეოგრაფიის ჯგუფის ვიზიტი კუნძულზე, როდესაც სენტინელებმა ნაპირს მიახლოვებულ ნავს ისრების სროლა დაუწყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი დაიჭრა და ხომალდს უკან დაბრუნება მოუწია.

ყველაზე მშვიდობიანი კონტაქტი გარესამყაროსა და პირველყოფილ ტომს შორის 1991 წელს შედგა, როდესაც ინდოელი ანთროპოლოგები სენტინელს ესტუმრნენ და სხვადასხვა სახის პროდუქტი ჩაუტანეს, მაგრამ მიუხედავად ამ მშვიდობიანი შეხვედრისა ინდოეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მსგავსი ექსპედიციები შეეწყვიტა, რადგან შესაძლოა ამ უნიკალური და იშვიათი ხალხისთვის ისეთი დაავადებები გადაედოთ, რომლის მიმართაც იმუნიტეტი საერთოდ არ ექნებოდათ.

2006 წელს განვითარებულმა მოვლენებმა კი ნამდვილად შეძრა მთელი რეგიონი. ორი მეთევზე პატარა ნავით კუნძულის მიმდებარე წყლებში არალეგალურად თევზაობდა, როდესაც მათ ჩაეძინათ, დინებამ კი მძინარე მეთევზეები ნაპირისკენ დაძრა, სენტინელებმა ნავს ისრების სროლა დაუწყეს, და ორივე მეთევზე მოკლეს.

სწორედ ამ მიზეზების გამო რჩება ჩრდილოეთ სენტინელი ამ დრომდე მიუწვდომელ ზონად. სადაც ნებისმიერი სახის ექსპედიცია ან მოგზაურობა, სადაც ჯერ კიდევ ქვის ხანა დგას სასტიკად აკრძალულია.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები