28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
შარლ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან - პრემიერი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ქვეყანაში 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.

პრემიერის განცხადებით, მან თხოვნით მიმართა შარლ მიშელს, რომ ევროკავშირის ეგიდით რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე.

"მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან. მე მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს საქართველოში, ბათუმში ჩამოსული. პრეზიდენტი მიშელი, მისი ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის  და მოლდოვის  პრეზიდენტი გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.

მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდება და სრულდება ეს პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში.

მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის.

მე პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ ევროკავშირის ეგიდით და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის არ მიეცეს საშუალება, ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები