28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"ოპოზიცია არ არის დაინტერესებული არცერთ საკითხში გარკვევისთვის, მათთვის მთავარი დესტრუქციაა" - უმრავლესობა შს მინისტრის გამოსვლის ჩაშლას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ პროტესტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შს მინისტრის გამოსვლას მოჰყვა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაა და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საზოგადოებას მოვლენების საკუთარი ვერსია შესთავაზოს, სიმართლის თქმის საშუალება კი მინისტრს არ მისცეს. 

"ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არის ყველა ხერხის გამოყენება - დასაშვების და დაუშვებლის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ ეს არ შედგეს და საზოგადოებამ კითხვა და პასუხი და რეალობა კი არ გაარკვიოს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ შეაჩეჩონ, რაც არის მათ მიერ აღქმული, თუ მათთვის სასურველი რეალობა, რომელიც, სინამდვილეში, მოკლებულია დამაჯერებლობასა და საფუძველს. ეს არ არის რეალობა, ატყუებენ ადამიანებს და არანაირად მათ ინტერესში არ შედის ახლა, ვინმემ სიმართლეზე ისაუბროს" - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ მოვიდა შს მინისტრი პასუხების გასაცემად, ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, რაც საზოგადოებისთვის, უმრავლესობისთვის საინტერესო იყო და ვიხილეთ მაქსიმალური დესტრუქცია იმისთვის, რომ ეს სხდომა არ შემდგარიყო. გამომდინარე აქედან, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია არ არის დაინტერესებული არცერთ საკითხში კონკრეტულ ვითარებაში გარკვევისთვის, მათთვის მთავარი არის ზოგადი დესტრუქცია," - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, დაიხურა. ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ოპოზიციის ნაწილი ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოსურათებით დადგა. პარლამენტის თავმჯდომარე რამდენჯერმე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.

დღის ამბები