28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
რიგგარეშე სხდომის შეწყვეტასთან ერთად პარლამენტთან საპროტესტო აქციაც დასრულდა - რა მოთხოვნები ჰქონდათ მედიის წარმომადგენლებს 

პარლამენტში, რიგგარეშე სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარეთ ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. მედიის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მუდმივად გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც ხელისუფლების გადადგომას გულისხმობს:

"ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, გავაგრძელებთ მათზე ზეწოლას ყველანაირი ლეგიტიმური ფორმით. ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. შედეგი კი იქნება ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს," - განაცხადა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თქმით, პოლიცია უზღუდავს გადაადგილებას ჟურნალისტებს, მაშინ როდესაც  5 ივლისს მათ ხელი არ შეუშალეს გადაადგილებაში და ძალადობაში მოძალადე ჯგუფებს:

"ჟურნალისტებს, რომელთაც კანონით გვაქვს უფლება შევიდეთ პარლამენტში, პოლიცია არ გვიშვებს და შეუშვეს მოძალადეები "სირცხვილიას" ოფისში, სასტიკად ნაცემი იყო ლექსო, ამის შედეგად გარდაიცვალა. ორჯერ შეუშვეს, ხალხო! ერთხელ არ აღკვეთეს შესვლა და მეორედ პირდაპირ დერეფანი გაუკეთეს," - აცხადებს ვახო სანაია.

პოლიტიკური მოძრაობის ”დროა” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს რომ ხელისუფლებას კანონზე და საზოგადოებრივ წესრიგზე საუბრის უფლება არ აქვს:

"ყველას გექნებათ ნანახი [კადრები], სადაც მორგოშია დადის როგორც ბატონი და პოლიციელები გარშემო დგანან და ჩვეულებრივად უშვებენ, ესენი ლაპარაკობენ კანონზე და საზოგადოებრივ წესრიგზე," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა, რადგან პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაიხურა და ჯერჯერობით, გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოპოზიცია ტრიბუნასთან სადაც შს მინისტრი გამოდიოდა ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით დადგა. მმართველი პარტიის წევრებმა პროტესტის ფონზე სხდომის გაგრძელება არ ისურვეს.

დღის ამბები