28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
მედიის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რომელებიც პროფესიულ საქმიანობას შეეწირნენ - გასულ წელს 50 ჟურნალისტი მოკლეს

პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის, რომ რეპორტიორებს დიდი საფასურის - ხშირად სიცოცხლის გადახდაც უწევთ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი სასიკვდილოდ დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, გამომძიებელ რეპორტიორს ქუჩაში 5 ტყვია, აქედან ერთი თავში ესროლეს. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი რეპორტიორი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

64 წლის გამომძიებელი ჟურნალისტის პიტერ არ დე ვრიესის სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. იგი ცნობილი 1983 წელს ლუდის მაგნატის, ფრედი ჰეინეკენის გატაცების საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გახდა. 2008 წელს კი, ჯილდო აიღო ნატალი ჰოლოუეის გაუჩინარების საქმის გამოძიებისთვის. პიტერ არ დე ვრიესს ჟურნალისტური საქმიანობის გამო მუქარის წერილები არაერთხელ მიუღია. ჟურნალისტის მკვლელობა ნიდერლანდების მთავრობამ პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე თავდასხმად შეაფასა.

ბოლო ერთ კვირაში, მსოფლიო მედიამ კიდევ ერთი ფოტოჟურნალისტი და პულიცერის პრემიის გამარჯვებული დანიშ სიდიკი დაკარგა. ინდოელი ჟურნალისტი რომელიც უცხოური ჯარების გაყვანის შემდეგ ავღანეთში შექმნილ კრიზისს აშუქებდა ერთ-ერთ რაიონში შეტაკებების დროს მოკლეს.

აღსანიშნავია საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის შემზარავი მკვლელობის საქმეც. 2018 წლის 2 ოქტომბერს ჟურნალისტი, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით მკველელობის ადგილზე ჩაწერილი ხმოვანი ჩანაწერის მიხედვით დადასტურდა, რომ ხაშოგი სასტიკი წამებით მოკლეს, გვამი კი გადამალეს.

პროფესიული საქმიანობის შესრულებას ემსხვერპლა 2017 წელს მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი კარუანა გალიციაც. რომელიც ე.წ. პანამის დოკუმენტებსა და ოფშორულ გარიგებებს იძიებდა. ჟურნალისტი მისივე სახლთან, მანქანაში ააფეთქეს. 53 წლის რეპორტიორი ადგილზე დაიღუპა.

ლინდა ტირადო კი ჯორჯ ფლოიდის აქციების დროს, სამართალდამცავის ნასროლმა ჭურვმა ცალ თვალში დააბრმავა.

ჟურნალისტების უსაფრთხოება პოლიციამ სათანადოდ, რომ ვერ დაიცვა ფლოიდის აქციებზე ამაზე არაერთი მედიის წარმომადგენელი საუბრობს და მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამო სასამართლოშიც ჩივის. აშშ-ის ს პრესის თავისუფლების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 100-ზე მეტ შემთხვევას იძიებს, როდესაც საპროტესტო აქციებზე პრესის თავისუფლება დაირღვა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კადრები როდესაც ბიბისის ოპერატორს პოლიციელმა ფარი ჩაარტყა.

დამცირება, შეურაცხყოფა, მუქარა, ხელკეტები და რეზინის ტყვიების სროლა- მხოლოდ რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე არ გვახსოვს. ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ყვითელჟილეტიანების პროტესტზე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე არაერთხელ ისაუბრა. საერთაშორისო ორგანიზაცია საფრანგეთის ხელისუფლებას ჟურნალისტების მიმართ პოლიციის აგრესიის შემაშფოთებელი ფაქტების გამოძიებას და ზომების მიღებას სთხოვს. მათი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს 50 ჟურნალისტი მოკლეს, 400-მდე დააკავეს, ასობით მედიის წარმომადგენელი კი ძალადობის სამიზნე გახდა.


 

დღის ამბები