28 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
15 წელი წყლისა და გზის გარეშე - სოფელი სადაც პაციენტთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის

ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელი ქორეთი უკვე 15 წელია წყლის და გზის გარეშეა. დასახლებაში ვერ გადაადგილდება ვერანაირი ტრანსპორტი. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, თუმცა დაპირების მიუხედავად მათ არავინ ეხმარება.

მერი თურქოშვილი ვერ იხსენებს ბოლოს როდის მოდიოდა ონკანში სასმელად ვარგისი წყალი. სოფელ ქორეთის მცხოვრები ქალი ამბობს, რომ წყალს ან ყიდულობენ ან მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. თუ წყლის დალევა ონკანიდან უწევთ ხშირია მოწამვლის ფაქტები.

უხარისხობასთან ერთად სოფლის ზოგიერთ უბანში წყალი საერთოდ არ მოდის, რის გამოც თუნდაც არასასმელი წყლის სახლამდე მისატანად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ წყლით მოწამლულებისთვის სოფელში სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ხშირად უწევთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემები ექმნებათ, რადგან სოფლამდე მისასვლელ გზაზე მანქანით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

ახმეტის მერიაში ამბობენ, რომ წყლის პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობას არ უკავშირდება და მოსახლეობის პრეტენზიებს ბრალდებებით პასუხობენ. მერის მოადგილე ამბობს, რომ მოსახლეობა წყალს არამიზნობრივად ხარჯავს. რაც შეეხება სოფლამდე მიმავალ გზას, ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, პროექტი უკვე არსებობს, თუმცა დაფინანსებას ელოდებიან.

ვიდრე სოფელ ქორეთისათვის მერია დაფინანსების გამოყოფას ელოდება, ადგილობრივებს გადაადგილება ისევ ფეხით უწევთ, როდის მოგვარდება ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები