28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"ინდური" შტამის შემთხვევები 40-%-ს აღწევს, ვაქცინაცია კი დღეს დაგეგმილზე 50%-ით ნელი ტემპით მიმდინარეობდა - ექიმებს მოლოდინი საგანგაშოა 

"კურიერის" ინფორმაციით, ქვეყანაში "ინდური" შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 120-ს გასცდა. რეალურად ეს რაოდენობა გაცილებით მეტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ პროცენტულად ქვეყანაში მისი ცირკულაცია უკვე 40%-ს აღწევს. ამ ფონზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა ნელი ტემპით, ვაქცინები გვაქვს, მაგრამ ახლა მოქალაქეები არ აქტიურობენ.

ერთმანეთისა და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად, მოქალაქეების ნაწილი ახლა საერთო მიზნისთვის ერთიანდება. მათი მიზანი პანდემიის სწრაფად დამარცხება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებაა, რისთვისაც საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.

არსებული მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს ქვეყნის პრემიერი მასობრივ იმუნიზაციაში ხედავს და ამისთვის საზოგადოებისგან მაღალ ჩართულობას ითხოვს. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანა მომდევნო კვირიდან ყოველ შაბათ-კვირას Pfizer-ის დოზებს მიიღებს, გარდა ამისა ამბობს, რომ ამერიკის მთავრობისგან დამატებით ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს.

მასობრივი იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონსა და ქალაქში 12 საათიანი სრული დატვირთვით მიმდინარეობს, თუმცა სპეციალისტების მოლოდინი, რომ დღიურად 20 000-მდე ადამიანის ვაქცინაცია უნდა მომხდარიყო - არ გამართლდა. დღეს ქვეყანაში 10 000-მდე პირი აიცრა, რაც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, პანდემიის დასამარცხებლად საკმარისი არ არის. საზოგადოების საერთო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.

მასობრივი იმუნიზაცია 5 ივლისს დაიწყო, 17 ივლისის მონაცემებით კი ქვეყანაში 400 000-მდე ადამიანია აცრილი - მათგან უმეტესობა ერთჯერადადაა და მეორე აცრა კიდევ წინ აქვთ. სანამ საქართველოში დაანონსებული Pfizer-ის დოზები შემოვა, მოქალაქეებს არჩევანი ჩინურ ვაქცინებსა და AstraZeneca-ს შორის აქვთ.

შეგახსენებთ, რომ "დელტა" შტამს კორონავირუსის სხვა ვერსიებთან შედარებით ბევრად სწრაფი გავრცელება, მარტივად გადადება და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. სპეციალისტების დაკვირვებით, "ინდური" შტამი განსაკუთრებით საზიანო ბავშვებისთვისაა.

დღის ამბები