28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები და შს მინისტრის პასუხების მოლოდინში მყოფი კანონმდებლები - ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოხსენებით ხვალ გამოვა

ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოხსენებით საგანგებო სხდომაზე მიდის - 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, მოთხოვნა ოპოზიციამ დააყენა. შეხვედრას დაესწრებიან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებიც. მინისტრს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

ყველაზე დიდი დეპუტაციის მქონე ოპოზიციური ძალა, ჟურნალისტების ცემისა და მოძალადეების წინააღმდეგ არასაკმარისი რესურსის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას პირადად მინისტრს აკისრებს.

5 ივლისს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად მიიჩნევენ ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის თანაპარტიელები. გახარიას გუნდი ინსტიტუციურ ხარვეზებზე საუბრობს და გომელაურთან მწვავე დისკუსიას აანონსებს. ძალოვანი უწყებების მოქმედებებში ხარვეზებზე საუბარს გეგმავენ "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში". კოლეგებისგან განსხვავებით, კრიტიკასთან ერთად, ძალადობის ფაქტების ანალიზს და მის შესაძლო თავიდან არიდების გზებზე საუბარს აპირებს "გირჩი". 

საზოგადოებაში 5 ივლისის ძალადობის ფაქტების მიმართ გაჩენილ შეკითხვებზე, ვახტანგ გომელაურისგან ამომწურავ პასუხებს ელოდება მმართველი გუნდიც. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საგანგებო სხდომაზე პრობლემების ანალიზის გარდა, აუცილებელია ის ხედვებიც გაჟღერდეს, რომელიც სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი იქნება.

რა პასუხებს გასცემს შინაგან საქმეთა მინისტრი კანონმდებლებს ხვალ საგანგებო სხდომაზე გაირკვევა. ამ დროისთვის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიული ქმედებების გამო მისმა უწყებამ 20-ზე მეტი პირი დააკავა.

დღის ამბები