28 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
მოსამართლეთა დანიშვნა უნდა დაპაუზდეს, ნებისმიერმა იურისტმა იცის, როცა დოკუმენტს ხელს აწერ პირობების შესრულებასაც ეთანხმები - კელი დეგნანი

"ქართულ ოცნებას" ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა დანიშვნის პროცესის შესაჩერებლად, თუმცა ასე არ მოიქცა - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებას.

დეგნანის თქმით, სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული განხილვები.

"19 აპრილის შეთანხმებაში ნათლად და მკაფიოდაა მოცემული, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა დაპაუზდეს, ინკლუზიური ფართე და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე. არ იყო არანაირი ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესი, არ განხორციელებულა ამბიციური სასამართლო რეფორმა. ამიტომ მოსამართლეთა არჩევა უნდა დაპაუზებულიყო.

შეთანხმება ნათელია, არაფერი ვიცი ცალმხრივ მოლაპარაკებაზე ან სიტყვიერ მოლაპარაკებაზე. მე ვიცი რაც არის დოკუმენტში, რასაც დაეთანხმნენ პოლიტიკური მხარეები და ხელი მოაწერეს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის როცა დოკუმენტს ხელს მოაწერ პირობების შესრულებასაც ეთანხმები.

"ქართულ ოცნებას" ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა დანიშვნის პროცესის შესაჩერებლად, თუმცა ასე არ მოიქცა. მინდა გითხრათ, რომ შეერთებული შტატებს 30 წელზე მეტია უმუშავია ათასობით შესანიშნავ ქართველ პარტნიორთან, იმისათვის, რომ დავხმარებოდით საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში, გაგვეძლიერებინა თავდაცვის სფერო, გაგვეუმჯობესებინა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემა. შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ ადამიანებისა ვისაც სურს საქართველო გახდეს კეთილდღეობის და სტაბილურობის დემოკრატიული ქვეყანა," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები