28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
შედგება თუ არა თამარ ჟვანიას შემცვლელის შერჩევა - ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე პარლამენტმა კვირას ცესკოს წევრობის მსურველებს უნდა მოუსმინოს

პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად კვირას ცესკოს თავმჯდომარეობის და კომისიის წევრობის მსურველებს უნდა მოუსმინოს. საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს შერჩეულ კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადოს. 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა განზრახული, სასურველი კანდიდატი დაენიშნა. 

"მთელი ეს პროცესი ჩვენ ვაწარმოეთ კონსესუსის გარეშე და ხელისუფლებას ჰქონდა განზრახული, ვინც უნდოდა, ის დაენიშნა. ჩვენ შანსი არ გვქონია, რომ მართლა შეგვერჩია კანდიდატი. თავიდანვე ცესკოს თავმჯომარედ ორი ადამიანი დაასახელეს, რომელიც საზოგადოების აზრით იყო ხელისუფლების წარმომადგენელი თავისი შინაარსით, მას არ ჰქონდა არანაირი სხვა ნდობა და გუშინ იგივე გააკეთეს ცესკოს წევრებზეც,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

მმართველი გუნდი კი ოპონენტებისგან სხვაგვარ რეაქციას არც ელოდება და მზად არის მხოლოდ საკუთარი მანდატებით, თამარ ჟვანიას შემცვლელი თუნდაც დროებით, მხოლოდ ექვსი თვით დანიშნოს.  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას სთავაზობს პროცესებში მონაწილეობის მიღებას. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას ჯანსაღი დამოკიდებულება არ აქვს პროცესების მიმართ.

"აგერ არის ბურთი აგერ არის მოედანი! შეუძლიათ მოვიდნენ და იმსჯელონ კანდიდატურებთან დაკავშირებით. გამოთქვან უარყოფითი ან დადებითი აზრი. ამბობენ, კარგი კანდიდატია მაგრამ მხარს არ ვუჭერთო. ეს პროცედურა წინ არის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს და ყველას აქვს ამის შესაძლებლობა. ფიქრობთ რომ ჯანმრთელი დამოკიდებულებაა ოპოზიციის მხრიდან?!,"- აღნიშნა სარჯველაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი მათივე დესტრუქციის ბრალია.

"თუ უნდა პროცესებში მონაწილეობა და ჯანსაღი, სამართლიანი პროცესი უნდათ, აგერ არის ბურთი და მოედანი. ქართველი საზოგადოება მათ არ უჭერს მხარს, ეს არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრალია, არც რომელიმე ორგანიზაციის, ეს არის მათი დესტრუქციის ბრალი,"-აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

დღის ამბები