28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
5 ივლისის ძალადობის ფაქტები და 23 დაკავებული - შესაძლოა ბრალდებულ პირთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს

23 დაკავებული და 41 დაზარალებული - ასეთია 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე ძიების დღევანდელი შედეგი. დაკავებულებს შორის არიან მოძალადეები, რომლებიც მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს. ერთ-ერთი ბოლო ბრალდებულია ვანო ბურდული, "TV პირველის" ოპერატორზე თავდამსხმელი. მასთან ერთად ბრალი წარედგინა დავით ქოჩიაშვილს, რომელიც თავს დაესხა მოქალაქეს.

დღემდე იდენტიფიცირებულ მოძალადეებს, ვის მიმართაც სასამართლომ უკვე იმსჯელა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის - პირველი არხის ოპერატორზე თავდამსხმელ გიორგი მაღრაძეს. სხვა ბრალდებულების მსგავსად, მანაც თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს და მოძალადეების აქციაზე დმანისიდან შემთხვევით ჩამოვიდა.

სანამ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მიმართ ძიების შედეგები გასაჯაროვდება, მათი დასჯის მოთხოვნით, ჟურნალისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია პროკურატურასთან გამართეს. მედიის 200-ზე მეტი წარმომადგენლის ხელმოწერით გენერალურ პროკურორს განცხადებაც გაეგზავნა.

პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე 53 ჟურნალისტზე იძალადეს. მიმდინარე გამოძიებამ დაზარალებულად ამ დრომდე მედიის 35 წარმომადგენელი ცნო. მათ შორის ეს სტატუსი დღეს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს მიენიჭა, რომელსაც კოლეგასთან ერთად, მრგვალ ბაღთან სასტიკად სცემეს.

23 დაკავებულის გარდა, კადრებში კარგად ჩანს ათობით დაუსჯელი მოძალადე. 5 ივლისის აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს საგამოძიებო უწყება სწავლობს, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბრალდებულ პირთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები