28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის საელჩოს მიმართვა შს მინისტრს - როგორ წაიკითხეს გზავნილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე გაგზავნილ ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის საელჩოების წერილს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციამ დიპკორპუსის გზავნილში მთავრობის გადადგომის მოწოდება ამოიკითხა.

"ეს იყო დიპლომატიური შეტევა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადაარჩინონ ქვეყნის ინტერესები, გადადგნენ თანამდებობიდან და მათი პირადი ინტერესები არ დააყენონ ქვეყნის ინტერესების წინ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ განცხადებით დაეკისრა შს მინისტრს და პრემიერს, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებლები 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოქმედებებისა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟშვილი.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ დღეს ევროპამ საქართველოს ყვითელი ბარათი უჩვენა.

"ჩვენ ახლა ყვითელი ბარათი გვაჩვენეს. რა გვინდა ვიყოთ - ვიყოთ ქართული გაგებით "ქრისტიანული ქვეყანა", სადაც ქრისტიანობა ისე ესმით, რომ ქუჩაში ხალხს სცემენ და ეს ქრისტიანულ საქციელად ითვლება, თუ - ჩვენ ვართ ევროპული საზოგადოების წევრი, სადაც ქრისტიანობასაც აქვს თავისი მნიშვნელოვანი ნაწილი, ადამიანის უფლებებსაც და ესენი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ამაში, არაევროპელობაში გვადანაშაულებენ," - ამბობს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, წერილი მიუთითებს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ძალადობაში რაიმე ბრალი მიუძღვის, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული.

"ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივ ნაწილში ხელისუფლებამ უკლებლივ ყველა ადამიანი უნდა მისცეს პასუხისგებაში, ვისაც ბრალი მიუძღვის ძალადობაში და პოლიტიკურ კომპონენტში, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე. ეს იქნება გომელაური, ეს იქნება პრემიერ-მინისტრი თუ ვინმე სხვა, ეს უკვე მათ უნდა გადაწყვიტონ. მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირი ცალსახად მიანიშნებს, რომ ეს ამბავი ესე მარტივად არ უნდა დასრულდეს," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრს, ანა ნაცვლიშვილს არ უკვირს, რომ განვითარებულ მოვლენებს მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

"ცხადია, რომ იქნება ძალიან მკაცრი შეფასებები და არა მხოლოდ შეფასებები, არამედ მოქმედებები. ის, რაც ჩვენ ვნახეთ 5-ში და ის არასრულყოფილი რეაგირება, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, ეს არ არის შეთავსებადი ცივილიზებული სამყაროს ნორმებთან," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ოპოზიციისგან განსხვავებით წაიკითხეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წერილი მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამართალმა და საგამოძიებო უწყებებმა უნდა თავისი საქმე გააკეთოს.

"სისხლის სამართლებრივი დევნა არის უკვე, 20-ზე მეტ ადამიანზე. რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჯერ არის კონკრეტულად გასარკვევი თუ რა იგულისხმება პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში ზოგადად. ხელისუფლება არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად თემის პოლიტიკაში გადასაზრდელად, მე ვფიქრობ, რომ ამისათვის ეს თემა გამოსაყენებელი არ არის. პოლიტიკური რეაგირება არის ის, რომ სასამართლო, სამართალმა და საგამოძიებო უწყებებმა უნდა თავისი საქმე გააკეთოს,"- აცხადებს 

ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის საელჩოს მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე დღეს გავრცელდა. დიპლომატები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

ელჩების შეფასებით ხელისუფლებამ არ მიიღო აუცილებელი ზომები და არ უზრუნველყო ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

დღის ამბები