28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
თავდაცვის ძალების მასშტაბური ვაქცინაცია მიმდინარეობს- თავდაცვის უწყების ცნობით, ამ დროისთვის თანამშრომელთა 17%-ია აცრილი

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ვაქცინაცია გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების გარდა, სამინისტრო, სურვილის შემთხვევაში, უწყების თანამშრმლების ოჯახის წევრებსაც აცრის.

დღეს ჰოსპიტალს აცრისთვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა და მათმა ოჯახის წევრებმა მიაკითხეს. თანამშრომელთა ოჯახის წევრების იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოება და ვაქცინაციის წესების დაცვა, ექიმებთან ერთად, თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პერსონალის ვაქცინაცია, გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის გარდა, ქუთაისის სამედიცინო ცენტრშიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, იცრება საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში მონაწილე პირადი შემადგენლობა.

საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინირებისთვის დამატებითი ცენტრები შეიქმნება, რათა ჯარისკაცებმა სხვადასხვა ადგილას შეძლონ კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.

სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ. უწყებაში ამბობენ, რომ სამხედროებს შეუძლიათ არჩევანი "ასტრაზენეკას", "ფაიზერს", "სინოვაკსა" და "სინოფარმს" შორის გააკეთონ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უწყების თანამშრომელთა 17%-ია აცრილი.

დღის ამბები