28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
8-ში თუ ნარკოტიკი სჭირდებოდა, 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება? - 3 კითხვა, რომელზე პასუხის გარეშეც თინა ხიდაშელის თქმით, ყველა ექსპერტიზა ნულია

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის შესახებ წერს და იმ მთავარ კითხვებს უსვამს ხაზს, რომელსაც ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი.

"იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება -

მთავარი კითხვები რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია:

- რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით როგორც დადგა სიკვდილი.

ეს არის მთავარი კითხვა რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.

- თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭირდებოდა 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?

- რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?

კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი -

დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა?

ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცვლილის დისკრედიტაციას ემსახურება,"- წერს თინა ხიდაშელი.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა. 5 ივნისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლექსო ლაშქარავაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იძალადეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გუშინ შინაგან საქმეთა სამინითრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადეს, რომ ქიმიური დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

დღის ამბები