28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ოპოზიიცის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის - როგორია პარტიების გეგმები

ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის - გეგმა დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა და თქვა, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების და პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში. ისინი კოლეგებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ ინიციატივას. 

"ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ დღეს ხელებს გვიგრეხდა, არიან რუსეთის მხარეს. ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში პარლამენტში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას - ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

გეგმების შესახებ ისაუბრა "ლელოს" ლიდერმაც.

"გამოსავალი არის ერთი - მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება. ეს არის ერთადერთი, მანამდე "ქართული ოცნება" იქნება მარტო," - აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ოპოზიციის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილ ვითარებაში საჭიროა დროებითი გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელიც ქვეყანას თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოამზადებს.

"უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ ეს უსამართლობა დავასრულოთ, ამიტომ ჩვენ - ერთი არის უნდობლობის პროცედურა, მეორე არის საგამოძიებო კომისია, ორივეს 50/50 ხმა სჭირდება პარლამენტში და ა.შ. ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ გავაშიშვლოთ. ნამდვილად, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ შექმნილ ვითარებაში დროებითი გარდამავალი მთავრობა, რომელიც დაამშვიდებს ვითარებას, მოამზადებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყანას და ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს და ხალხი გადაწყვეტს ვის ანდობს საკუთარ ბედს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარე ხმაურსა და დაპირისპირებაზე საუბრობს. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ისეთი პირების შეჭრა მოხდა, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდათ.

"არ მგონია ვინმე იყოთ კმაყოფილი იმით, რაც დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდებოდა. მოხდა შემოჭრა, მათ შორის ისეთი პირების, ვისი შემოსვლის უფლებასაც სჭირდება შესაბამისი ნებართვა. ეს არ არის ცივილური ფორმა. პოლიტიკური ბოიკოტი თუ ვინმეს სურს, ეს მათი უფლებაა. ვერანაირ უნდობლობის პროცესს ესენი ვერ წარმართავენ. ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი გუნდის ლიდერი. ამ ყველაფრის უკან ყოველთვის და დღესაც დგას "ნაციონალური მოძრაობა". ამას ჩვენი დანახვა კი არ უნდა. სად დგას ეს ხალხი, რა განცხადებებს, რა მოწოდებებს აკეთებს - ეს დასტურდება ამითი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები