შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის წევრებს გამოძიებამ შესთავაზა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა მიიღოს.
"ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლექსო ლაშქარავა, "ტვ პირველის" ოპერატორი, დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა მას 5 ივლისს ჰომოფობიურმა, მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.