28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
20 000-ზე მეტი სამხედრო, 32 დაღუპული და ასობით გადარჩენილი სიცოცხლე - 17 წლიანი მისია ავღანეთში დასრულებულია 

ავღანეთში 17-წლიანი წარმატებული მისიის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჰიმნით და სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე დახვდნენ.

გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავარსარდალმა. პრეზიდენტმა მისიებში გარდაცვლილი ქართველი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

შტატების სახელით მსოფლიო მშვიდობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ამერიკის ელჩმა საქართველოში. კელი დეგნანმა ქართველი ჯარისკაცების თავდადებაზე ვრცლად ისაუბრა.

ღონისძიების დაწყებამდე კი მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 21 სამხედრო მოსამსახურე კი სხვადასხვა მედლით დააჯილდოვეს.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში, ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მძიმე დანაკლისიც განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა და დაშავდა.

ავღანეთის მისიის დასრულების შესახებ ნატომ გადაწყვეტილება აპრილში მიიღო. საქართველომ უკვე სრულად დატოვა ტერიტორია. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას მისიაში მონაწილე ბოლო საერთაშორისო სამხედრო 11 სექტემბრამდე დატოვებს.

დღის ამბები