28 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
რატომ დაუწვა მანქანა გორის საკრებულოს დეპუტატმა ნაცნობ ქალს - გორში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის საპირისპირო ვერსიები

"ევროპული საქართველოს" აქტივისტის ავტომობილს გორის ცენტრში ბენზინი დაასხეს და ცეცხლი გაუჩინეს. პირადი შურისძიებით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით კი, დაკავებულია მისი მეგობარი და თანაპარტიელი - გორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძე. დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, "კურიერს" უყვება, რომ ბურჯანაძესთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია.

სულ სხვა ვერსია აქვს ბრალდებულს. გორის საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ნაცნობი ქალი მისი კუთვნილი მანქანით სარგებლობდა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობდა. კახა ბურჯანაძე ამით ხსნის დანაშაულს, რომლის გამოც, გორის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ის ადგილზე დააკავეს.

ის, რომ ავტომობილის გამო "ევროპული საქართველოს" წევრს და აქტივისტს დაპირისპირება ჰქონდათ, "კურიერს" გორის პარტიულ ოფისშიც დაუდასტურეს.

ცეცხლწაკიდებული ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა. ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, სათვალთვალო კამერებიც არის, რომელიც პოლიციამ სავარაუდოდ უკვე ამოიღო.

გორის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დანაშაულის მოტივად უთანხმოება სახელდება. "ევროპული საქართველოდან" გორის საკრებულოს წევრს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. სხვისი ავტომობილის დაწვაში ბრალდებულ კახა ბურჯანაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ხათუნა გაგნიძე. 

დღის ამბები