28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ და პოლიციამ ხელი არ გაანძრიოს, ეს ხომ იდიოტიზმია - შს მინისტრის პირველი კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს, გამოყვანილი იყო იმდენი სამართალდამცველი, რისი საშუალებაც იყო. ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია არასათანადოდ იცავდა მედიის წარმომადგენლებს მოძალადე ჯგუფებისგან. აღნიშნულ თემაზე შს მინისტრმა პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, სადაც მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და პოლიციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.

"სპეცრაზმი გამოყვანილი იყო რა თქმა უნდა, სპეცრაზმი არაა რომ მარტო რობოკოპებმა უნდა იარონ, ესენი არიან პოლიციელები ჩვეულებრივად, როცა სჭირდებათ უნდა აღიჭურვონ. 3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. იყო 3 ლოკაცია, მერე 8 ბოლოს გახდა 20 ლოკაცია. 3200 კაცი რომ 20 ლოკაციაზე გაანაწილო 150 კაცი გამოვა... ფიზიკურად აღარაა საშუალება.  საშუალება რისიც იყო, მაქსიმალურად იყო გაშლილი. მე გეუბნებით რომ იყვნენ, თქვენ ამბობთ, რომ არ იყვნენ.

თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ და პოლიციამ ხელი არ გაანძრიოს, ეს ხომ იდიოტიზმია. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ თავები აქვთ გატეხილი. მოძალადეებს ფიზიკურად რა საშუალებაც იყო ვაკავებდით..." - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან ვახტანგ გომელაურის თქმით ხელისუფლება შესაბამის პასუხისმგებლობას იღებს, რაც შეეხება მის მიერ თანამდებობის დატოვებას, შს მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ამაზე ოცნებობენ.

ვახტანგ გომელაური პარლამენტში მის დაბარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას თავისი წესები აქვს და როცა საჭირო იქნება საკანონმდებლო ორგანოში მაშინ მივა. 

ვახტანგ გომელაურმა მედიის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა აღარ ისურვა იმ მოტივით, რომ მას სრულყოფილად საუბრის საშუალება არ ეძლეოდა და ტერიტორია დატოვა.

დღის ამბები