28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ეს პროვოკაციები შედიოდა რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში - ღარიბაშვილი 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები არ შედიოდა არც ეკლესიის, არც მთავრობის და არც ხალხის ინტერესებში. პრემიერის თქმით, ეს შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა ბატონ კომისარს და მის დელეგაციას, ასევე ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ როგორ განვითარდა ეს მოვლენები.

კითხვები დაისვა მანამდე პოლიციის ჩართულობასთან დაკავშირებით. არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ორი დღის წინ.  ბატონო კომისარო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული, პროფესიონალი პოლიცია და ჩვენ ვამაყობთ მათით. მათ გუშინ იმუშავეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე. 100 ადამიანი დააკავეს და არ მისცეს დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება. ორი დღის წინ როგორც განვითარდა მოვლენები, მე მინდა, თქვენ კიდევ ერთხელ საჯაროდ განგიმარტოთ - პოლიციას ჰყავდა მობილიზებული 3500 პოლიციის ოფიცერი, მთელს ქალაქში. ძირითად ღონისძიებას ველოდებოდით 6 საათზე - ვგულისხმობ უმცირესობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას. 5 საათზე ჩვენს ეკლესიას ჰქონდა დაგეგმილი ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი ლოცვა. და ის ადამიანები, რომლებმაც ეს ძალადობა დაიწყეს დილის 11:00 საათზე არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც მთავრობასთან.

მინდა გავიმეორო ის, რაც საჯაროდ ვთქვი - რამდენიმე დღის წინ, უფრო მანამდეც, 2 კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უშუალო კონტაქტი პრაიდის ორგანიზატორებთან. მათთვის წინასწარ განსაზღვრეს ლოკაციები და უთხრეს, რომ ამ ლოკაციებზე უსაფრთხო იქნებოდა ამ ღონისძიების ჩატარება. ერთ-ერთ პირველ ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის ელჩიც დაესწრო, პოლიციამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არავითარი ინციდენტი არ მომხდარა. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები იყვნენ და ეს ნორმალურია. ყველა ადამიანს აქვს კანონით დ კონსტიტუციით გამოხატვის, მათ შორის საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის უფლება, მათ შორის, უმცირესობის წინააღმდეგაც, ოღონდ რა თქმა უნდა, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მეორე და მესამე დღეს ამ ადამიანებს მიეცათ სხვა ლოკაცია აქვე თბილისთან ახლოს. არავითარი შეფერხება არ ჰქონიათ, მაგრამ ჩვენმა ძალებმა, სპეცსამსახურებმა და  თანამშრომლებმა შეაფასეს რა რისკები და საფრთხეები, რომელიც მომდინარეობდა კონტრაქციის ორგანიზატორებისგან, ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ საჯაროდ, მათ შორის, მეც გამოვედი საჯაროდ და მოვუწოდე, რომ არ იყო არ იყო მიზანშეწონილი თბილისში, ცენტრში ამ მარშის ჩატარება, იმიტომ, რომ ეს შეიცავდა დიდ რისკებს და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ სხვა ადგილას, ისე, როგორ მათ ჩაატარეს წინა დღეებში, ჩაეტარებინათ აღნიშნული ღონისძიება და პოლიცია მათ დაიცავდა.

მე მქონდა საუბარი ელჩებთან, მათ შორის თქვენს ელჩთან, კვირას და მათაც განვუმარტეთ აღნიშნული, რომ მთავრობა ხედავდა რისკებს, რომელიც სიტუაციის ესკალაციას მოახდენდა და ეს არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ვინაიდან აღნიშული შეიცავდა პროვოკაციულ ნიშნებს.

5 ივნისს, დაახლოებით 10 საათზე დაიწყო მობილიზება, გამოჩნდნენ ქუჩაში კონტრაქციის წარმომადგენლები, ბევრი ადამიანი იყო. მათ შორის ზოგი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით რა თქმა უნდა დააზიანეს როგორც ჩემს მიერ ნათქვამი, ეკლესიის მიერ დაგეგმილი 17:00-საათიანი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენ ზიანი მოგვადგა, ჩვენს ქვეყანას მიადგა ზიანი.

ჩემი შეფასებით, ამას რა თქმა უნდა გამოძიება დაადგენს, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ადამიანების, ინდივიდების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ჯერ, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებასა და შეჯახებას, ეს იყო მათი ერთი ამოცანა. რა თქმა უნდა, დაზიანდებოდა ქვეყნის იმიჯი, ეკლესიის იმიჯი და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯიც.

დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული რა თქმა უნდა არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის და არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს შედიოდა ეს პროვოკაციები რა თქმა უნდა შედიოდა, კიდევ გავიმეორებ, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ არც ერთი ფაქტი არ დაგვრჩება გამოუძიებელი, ყველა ფაქტს გამოვავლენთ და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები