28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
არშემდგარი ღირსების მარში და შემდგარი ძალადობა მედიაზე - რატომ ვერ დაიცვა პოლიციამ მოქალაქეები

ქრისტეს სახელით და საკუთარი ღირსების დასაცავად, რადიკალური და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების სამიზნე დღეს ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც ადგილზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ისინი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, მათ შორის - სასულიერო პირების მხრიდან. 

მათზე პოლიციის თანდასწრებით ძალადობდნენ. დაშავდა სხვადსხვა მედიასაშუალების 30-ზე მეტი ჟურნალისტი, სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია კი 8 ადამიანს დასჭირდა.

ვითარება ადგილზე უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ადგილის დატოვებისკენ მოუწოდეს და მათზე თავდასხმა დაიწყეს. ესროდნენ ბოთლებსა და ჯოხებს.

მარიამ ქუმსიაშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია, სალომე ბოკუჩავა, თამარ თათარაშვილი, შოთა სიკინჭალაშვილი, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ნიკა ურუშაძე - ეს "რუსთავი2-ის" ოპერატორებისა და ჟურნალისტების ნაწილია, რომელთაც თავს დაესხნენ. ნაწილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ოპერატორი შოთა სიკინჭილაშვილი, რომელსაც მოძალადეების ჯგუფი სასტიკად გაუსწორდა, ამ დრომდე თავის ტრავმით კლინიკაში რჩება. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სახის არეში დაზიანება მიიღო "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთმა ოპერატორმა ზურა მანაგაძემ. დამტვრეულია ტელეკომპანიის ტექნიკაც, დაზიანებულია კამერები, მიკროფონები, პირდაპირი ჩართვის გადამცემი აპარატები. კადრებში ჩანს ისიც, თუ როგორ ეჯახება მიზანმიმართულად ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სკუტერით.

თბილისის ცენტრში რამდენიმე წუთში ვითარება იმდენად უმართავი გახდა, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები ადგილიდან სამართალდამცავებმა პატრულის მანქანებით განარიდეს.

დღის ბოლოს ჟურნალისტები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიაზე ძალადობისთვის ჯერ არც ერთი პირი არ დაუკავებია.

დღის ამბები