28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
რაც ხდება, იმის დემონსტრაციაა, რომ 10 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობის მხარდასაჭერად - ნინო ბოლქვაძე

ამ წუთებში, ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება - დახურული კინოჩვენება მიმდინარეობს - რადიკალური დაჯგუფებები ღონისძიების ჩაშლას შეძახილებითა და ავტომობილის საყვირის ხმებით ცდილობენ.

გზის მეორე მხარეს სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ კორიდორი და ცდილობენ, რადიკალური დაჯგუფებები არ მიუშვან იმ ადგილამდე, საიდანაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა და ღონისძიების სტუმრებმა უსაფრთხოდ უნდა დატოვონ ტერიტორია.

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ტერიტორიას ღონისძიების დამთავრებამდე არ დატოვებენ და ღონისძიების სტუმრებს შესაბამისი შეძახილებით, ბოთლებისა და კვერცხების სროლით გააცილებენ.

პარალელურად, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება, დახურული კინოჩვენება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კინოჩვენებას ესწრებიან პოლიტიკოსები, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ხელისუფლებას წლების განმავლობაში უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

"ის სურათი, რომელიც არის გარეთ იმის დემონსტრაციაა, რომ არაფერი არ შეცვლილა. ბოლო 10 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობა ყოფილიყო სათანადოდ მხარდაჭერილი; მე არ ვამბობ საკანონმდებლო დონეზე - პრაქტიკის დონეზე, კანონის გამოყენების დონეზე,"- აცხადებს ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე.

ფონდის ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე შიშობს, რომ სახელმწიფო პრაიდის მარშის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.  

"პოლიცია მუშაობს, თუმცა, ამ დრომდე არ არის გარანტიები მარშის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ღია და კატეგორიული მარშის დაცვასთან დაკავშირებით,"-აცხადებს იდა ბახტურიძე. 

დღის ამბები