გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქის ვინაობა გაირკვა. დღევანდელ ცერემონიამდე ცნობილი იყო, რომ ჩვენთან თურქეთი და რუსეთი იქნებოდნენ, დანარჩენი სამი მოწინააღმდეგე კი წილისყრამ გამოავლინა.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და რუსეთისა და თურქეთის გარდა, მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ თურქეთი პარტნიორ ფედერაციად აირჩია. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.