29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო "ბ" გუნდის შექმნის მცდელობაა, საფუძველი აქვს - გიგა ბოკერია "ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არ გაკვირვებიათ "ქართული ოცნებიდან" წასულების გადაწყვეტილება. ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ გიორგი გახარია საბოლოოდ მაინც ვერ დისტანცირდება "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილისგან, პარლამენტში კი, ახალი ხელოვნური ოპოზიცია გაჩნდება.

"ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, პასუხები გასცეს ე.წ. მათმა ლიდერმა გახარიამ უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის, მან უბრალოდ პასუხისმგებლობა მოიხსნა. დააფიქსირონ პოზიცია როგორც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანების.

ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობს დაჩქარებას პროცესის ნორმალური ვადამდელ არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის საზოგადოებისთვის არის პოზიტიური იმისდა მიუხედავად, აქ ვის რა გათვლები აქვს იმიტომ, რომ ჯერჯერობით, ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვისგან რაიმე მკაფიო პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულებების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა "ბ" გუნდის გაკეთების ბიძინა ივანიშვილის გარშემო - საფუძველი აქვს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი აკეთებდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა ქვეყანაში ოპოზიციის არსებობა ის თავად შექმნიდა ოპოზიციას.

"მან სცენაზე გამოიყვან მის მიერ შექმნილი ოპოზიცია იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხვდება ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა არჩევნებზე გასვლა იქნება ძალიან დიდი შეცდომა და გადაწყვიტა, რომ უკვე "ქართული ოცნება 2-ით" იასპარეზოს შემდეგ არჩევნებზე," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"მოქალაქეების" გენმდივანი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რათა საზოგადოება დაარწმუნონ საკუთარ პოზიციაში, თუმცა თუმცა პარლამენტში კიდევ ერთი დამოუკიდებელი ოპოზიციური ჯგუფის შექმნას მიესალმება.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" 6-მა წევრმა ბექა ლილუაშვილმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალეკო მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა უმრავლესობა დატოვეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკური პარტიის მშენებლობას იწყებენ.

დღის ამბები