29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
დაძარით გაყინული წერტილიდან მოლაპარაკების პროცესი - გიორგი ვაშაძე შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოლაპარაკებების პროცესში დესტრუქციული როლი უჭირავს და ის ჯიუტად არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.

გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს, გადადგას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული ნაბიჯი და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

"გუშინდელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუწბილდა იმედები. მეც ძალიან მინდოდა, რომ შეთანხმება მომხდარიყო იმიტომ, რომ მართლა ვფიქრობ, ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანის გზა არის შეთანხმება. შეთანხმება ვერ მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულმა ოცნებამ" აირჩია დესტრუქციული გზა.

ღიად ვაცხადებ დღესაც - ვერ დავტოვებ მძევლად პატიმრებს იმიტომ, რომ ვფიქრობ ეს იქნება ამორალური ქმედება ჩემი მხრიდან, რომ ეს გავაკეთო. ზოგადად ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. მანდატი, რომლებიც ჩვენ, ისევე როგორც "ქართულმა ოცნებამ" გადავეცით მედიაციის მხარეს, არ არის ბოლომდე რეალიზებული რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ თვითონ დოკუმენტში შეგიძლიათ ნახოთ, არის ცარიელი ტექსტი.

მინდა ყურადღება გავამახვილო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციულ როლზე ამ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენ, მხარეებს, თითქოს მოგვიწოდებს შეთანხმებისკენ, მაგრამ მეორე მხრივ, "გაჯიუტდა" და არ უნდა შეწყალების დოკუმენტს მოაწეროს ხელი.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რურუა არის პოლიტპატიმარი, ის რომ არ იყოს პოლიტპატიმარი, დამერწმუნეთ, ამდენი ხანი არ იქნებოდა ჭიდაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

მივმართავ ქალბატონ სალომეს და ვეუბნები, რომ თქვენი მეორე ტურის არჩევნებიც იყო საკმაოდ არალეგიტიმური და ვფიქრობ, რომ დღეს თქვენ შანსი გაქვთ ლეგიტიმაციის ნიშან-წყალი შეიძინოთ, როცა ოპოზიციაც მოგმართავთ. გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების ფუნქცია და დაძარით გაყინული წერტილიდან მოლაპარაკების პროცესი. ამას წინ არაფერი არ უდგას, საზოგადოებაც მოგიწონებთ ამ ნაბიჯს.

თქვენ თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მე მადლობას გადაგიხდით ამ ნაბიჯისთვის, რაც არასდროს არ გამიკეთებია არც ერთ თქვენს ქმედებასთან მიმართებაში იმიტომ, რომ ამ ქმედებებს არ ვეთანხმებოდი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები