29 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია - გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი რეფერენდუმის 30 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც გიორგი გახარია აცხადებს, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია. მისი თქმით, სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული მოქალაქე ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს. გიორგი გახარია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

"დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია.

საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.

სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს.

30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან...

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე,"- აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას "ფეისბუკ" გვერდზე მთაწმინდაზე, ზვიად გამსახურდიას საფლავთან გადაღებული ფოტოც ვრცელდება. დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა.

დღის ამბები