29 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
"ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისა და შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის" - პრემიერი დანიელსონს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს", - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე.

პრემიერმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება  პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე.

პრემიერმა კრისტიან დანიელსონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის დიდ ინტერესს, რაც პროცესის ყველა აქტორს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

დღის ამბები