გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უარი თქვა მკაცრ სააღდგომო ლოქდაუნზე და მცდარი გადაწყვეტილების გამო გერმანელების წინაშე ბოდიში მოიხადა.
დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე გერმანიის ფედერაციული მხარეების ლიდერები ორშაბათს გვიან საღამოს შეთანხმდნენ. შეზღუდვებს 1-დან 5 აპრილამდე უნდა ემოქმედა - დიდი ხუთშაბათიდან წმინდა ორშაბათამდე, ამ პერიოდში ქრისტიანთა დიდი ნაწილი, მათ შორის კათოლიკეები და პროტესტანტები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.
რეგულაციების თანახმად იკრძალებოდა შეკრებები, ეკლესიების ჩათვლით, ასევე იზღუდებოდა შეხვედრები, მათ შორის ნათესავებთანაც.
მეცნიერებმა და მეწარმეებმა ხელისუფლების გეგმები გააკრიტიკეს, პოლიტიკოსებმა კი შეცდომა მალევე აღიარეს. მმართველი პარტიის, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარემ არმინ ლაშეტმა განაცხადა, რომ ლოქდაუნის თავდაპირველადვე შემოთავაზებული ფორმით განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. შედეგად პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე საკუთარ თავზე კანცლერმა აიღო:
"ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა, რამდენადაც საბოლოოდ მე ვარ პასუხისმგებელი," - განაცხადა მერკელმა. მან მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და აღიარა, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესებამ ბოლო მომენტში გაურკვევლობა შემოიტანა და ამასთან განსახორციელებლადაც ძალიან რთული იყო.
ამავდროულად ძალაში რჩება გერმანიაში არსებული საკარანტინო ზომების 18 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება.