29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, ამ არეულობით რუსეთი იგებს - ოპოზიცია აშშ-ის სენატის გზავნილებზე

სენატორების მკაცრ გზავნილებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა შეფასებები. მოწოდებები ბევრად საგანგაშოა ოპოზიციისთვის. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სენატში გამოთქმული მოსაზრებები ძალიან მკაფიო იყო და ნათლად ჩანდა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მთავარი პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება.

"ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. 

ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და მხოლოდ ერთი ქვეყანა, რუსეთი იგებს ამ არეულობით, ვითარებით და პოლიტიკური კრიზისით," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს წევრმა" გიგი წერეთელმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას შეფასებით, სენატორები პირდაპირ აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიუთითებს, რომ საქართველო შორდება ევროატლანტიკურ მიზნებს.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია ნაბიჯი გადაიდგას შეთანხმებისკენ, რათა პოლიტიკური სპექტრი არსებული პრობლემების მოგვარებაზე გადავიდეს.

"ძირითადი განცხადება იყო საქართველოს მხარდამჭერი და სწორედ ამ სულისკვეთებით და მოტივაციით ჩვენ მზად ვართ შეთანხმებისთვის და ახლაც ვთავაზობთ "ქართულ ოცნებას" გადმოდგას გონივრული ნაბიჯები, იმისთვის, რომ საქართველოს არ აქვს გრძელვადიანად კრიზისის შენარჩუნების ფუფუნება. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, რომ ყველა ერთად გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

"ლელო საქართველოსთვის" წევრ გრიგოლ გეგელიას შეფასებით კი სენატის გზავნილებში იკვეთება, რომ თუკი მედიაციური ძალისხმევა, რომელმაც უნდა გადაჭრას კრიზისი, კიდევ ერთხელ იქნება ჩაგდებული მმართველი გუნდის მხრიდან, მაშინ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაცია აღარ უწერია.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცესპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მთავარი გზავნილი იყო, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას," მათი შეფასებით, აშშ-ის სენატის განცხადებებში ჩანს, რომ ქვეყანას 2012 წლიდან დღემდე არ გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან.

"ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია. ასევე, აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს.

31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და შესაბამისად, აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე სენატის მოწოდებებში ყურადღებას ამახვილებს განცხადებების იმ ნაწილზე, სადაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა თანაბრადაა გადანაწილებული როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

 

დღის ამბები