29 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
NATO-ს მინისტერიალი გრძელდება - გამოწვევების ჩამონათვალში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც არის საუბარი

ბრიუსელში გრძელდება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა. მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, სადაც გამოწვევების ჩამონათვალში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც არის საუბარი.

ხაზგასმულია ტერორიზმის საშიშროებაც.

"ნატო გააგრძელებს ადაპტირებას. მკაცრი და ავტორიტარული ძალები და არასახელმწიფოებრივი აქტორები გამოწვევას წარმოადგენენ კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, მათ შორის, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეებით, თუ ახალი ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებით," - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე, აღნიშნულია, რომ ნატო აგრძელებს თავდაცვისა და ოპერატიული ეფექტურობის უზრუნველყოფას პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მიესალმება საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას ალიანსის მისიებში მონაწილეობით და მხარს უჭერს მათ რეფორმების განხორციელებაში ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის.

"მივესალმებით ფაქტს, რომ უკრაინაც და საქართველოც უზრუნველყოფენ მხარდაჭერასა და დახმარებას ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციაში. ჩვენს ინტერესშია, რომ ჩვენი მეზობლები სტაბილური და წარმატებული იყვნენ და ორივე ქვეყანა, უკრაინაც და საქართველოც, ნატოს წევრობის ასპირანტი ქვეყნები არიან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ რეფორმების განხორციელებაში, რათა წინ წავიდნენ ევროატლანტიკურ გზაზე. რუსეთის მიმართ საუკეთესო, მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად გაძლიერდა.

ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი სამხედრო ბატალიონების განთავსებით, ჩვენი ძალების მაღალი მზაობით გავზარდეთ თავდაცვის ხარჯები, მეტი წვრთნებით და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებით ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა. ვფიქრობ, ეს მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ნატოს ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები