29 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე ქვემო ქართლში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქვემო ქართლში ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, 1968 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.პ.-სა და 1972 წელს დაბადებულ ე.ა.-ს "ქურდული სამყაროს" წევრობა და გამოძალვა ედებათ ბრალად.

შსს-ის განცხადებით, დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხ.პ. და ე.ა. "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ბრალდებული ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და "ქურდული სამყაროსათვის" მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის - ე.ა.-ს შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ თანხას სძალავდა.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ განცხადებაში.

დღის ამბები