29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"მელიას დაჭერის შემდეგ არ გვქონია კომუნიკაცია" - "გირჩი" მმართველ გუნდთან მოლაპარაკებისთვის ემზადება

"გირჩში" ოპოზიციის ერთიან გეგმებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და შედეგის მისაღწევად "ქართულ ოცნებასთან" პირისპირ კონსულტაციებს აპირებენ. როდის იქნება პირველი შეხვედრა, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ამ ეტაპზე "გირჩში" ტექნიკურ დეტალებზე შიდა კონსულტაციებს მართავენ და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

"ჯერ, შეიძლება, ნაადრევია მოლაპარაკებებზე საუბარი. ჩვენ უნდა დავხარჯოთ ეს კვირა იმისთვის, რომ შევაგროვოთ მაქსიმალურად ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ. ჩვენი ამოცანა არის,  ფაქტობრივად, ის საუბარი გავმართოთ, რომელიც უნდა მომხდარიყო მოლაპარაკების დროს და გავარკვიოთ, რა პოზიციებზე არის "ქართული ოცნება", როგორ წარმოუდგენიათ მიმდინარე პროცესები. ჩვენ ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ არ გვქონდა კომუნიკაცია. იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა და დაამძიმა სიტუაცია," - აღნიშნა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ისინი მზად არიან.

დღის ამბები