29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ოპოზიციონერი ლიდერები დეტალურ სამოქმედო გეგმაზე ხვალ პარლამენტთან ისაუბრებენ

"ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ისინი შეხვედრაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოქმედების სხვა რეჟიმზე გადადიან, რომლის დეტალების შესახებაც ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გააჟღერებენ. 

"ჩვენ გადავდივართ სულ სხვა რეჟიმზე მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ 12:00 საათზე რუსთაველზე. 

მაქსიმალურად ვიყავით მზად, რომ ყველა პუნქტი განგვეხილა და მათ შორის გვესაუბრა იმ კომპრომისებზე, რომელზეც ხშირად აპელირებდა "ქართული ოცნება". საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ პრაქტიკულად ყველა საკითხზე, არა მხოლოდ მთავარ საკითხებზე, რომელიც გულისხმობდა ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პრაქტიკულად ყველა საკითხზე მივიღეთ "ქართული ოცნებისგან" უარი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მოლაპარაკებების ჩაშლა,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. 

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ პროტესტი გარდაუვალი იქნება. 

"ჩვენ შეგნებულად ვცდილობდით რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში საფრთხე არ შეგვექმნა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პროტესტი არის გარდაუვალი, ვინაიდან, ქართულმა ოცნებამ ძალიან გაცნობიერებულად უარი თქვა ამ კრიზისის შეთანხმების გზით გადაწყვეტაზე. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვმსჯელობთ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც ქართულ ოცნებას აიძულებს, რომ დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდაზე და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს,“ - ამბობს  საბა ბუაძე. 

დღის ამბები