გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ძალადობის ეპიზოდზე ვასილ მახარაძეს 9 წლიანი, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატოშვილს კი 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
ვასილ მახარაძეს გამოძიება ძალადობის ორგანიზებასა და გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. დანარჩენებს კი, ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებას.
"ჩვენ ბუნებრივია გამამტყუნებელ განაჩენს მოველოდით. ერთი ბრალდებული გ.ტ სასამართლომ ერთ ეპიზოდში - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში.
მას შემდეგ, რაც ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თუ არა," - აცხადებს პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი
მოსამართლემ განაჩენი სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე გამოაცხადა.
"მოსამართლე წამითაც არ დაფიქრებულა. ეს იმის კიდევ ერთი მაგალითია, რომ სასამართლოს თავიდანვე ჰქონდა განაჩენი გამოტანილი, დანარჩენი იყო ფარსი,"- აღნიშნავს თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.
დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს უკანონო განაჩენია, რომელსაც აუცილებლად გაასაჩივრებენ.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.